“ყველა ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, რაც პროკურორებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად ჩაერთონ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში”

საქართველოს პროკურატურა, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, 22 მარტიდან აქტიურად ჩაერთო საერთო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეების დისტანციურ განხილვაში. ამის შესახებ პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურატურის ოფისები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით, რომ პროკურორები სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში დისტანციურად ჩაერთონ.

“საქართველოს პროკურატურის ყველა ოფისი აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და მოხდა პროგრამული უზრუნველყოფა, რაც პროკურორებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად ჩაერთონ სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა განახორციელონ პროკურატურის ოფისებიდან. დღეის მდგომარეობით, დისტანციური წესით უკვე ჩატარდა 60-ზე მეტი სხდომა.

დისტანციურად ტარდება ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის, წინასასამართლო სხდომის დაარსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის სხდომები, აგრეთვე, არსებითად განიხილება ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელთა განხილვაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ვადების დაცვის თვალსაზრისით პრიორიტეტულია.

დისტანციური პროცესების დროს სრულად არის უზრუნველყოფილი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დაცვა და პროცესის მონაწილე ყველა მხარეს ეძლევა საკუთარი საპროცესო უფლებების შეუფერხებელი რეალიზების საშუალება”, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები