ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა – StopCoV ფონდი შეიქმნა

საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობისა და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის აქტიური სურვილი გამოთქვა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერმინისტრის დავალებით შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებას და რესურსების სწორად გადანაწილებას ახდენს.

აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც ყველა კომპანიას, ასევე, მოქალაქეს შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში.

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში #StopCoV ფონდის პრეზენტაცია ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, გიორგი სახოკიამ​​ გამართეს.

აღნიშნული თანხა, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. აღსანიშნავია, რომ დღეს ფონდში უკვე აკუმულირებულია 1 მილიონ 370 ათასი ლარი.

ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები