ირაკლი კოვზანაძე: შექმნილი ვითარების გამო, მთავრობა საგანგებო ბიუჯეტის დამტკიცებას მოითხოვს, პარლამენტი სავარაუდოდ, დაჩქარებული წესით განიხილავს და დაამტკიცებს
“საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ბიუჯეტის კორექტირებაზე მთავრობა უკვე მუშაობს და აღმასრულებელი ხელისუფლება სავარაუდოდ საგანგებო ბიუჯეტს მოითხოვს, რომელსაც განხილვის სპეციალური პროცედურა აქვს და რომელსაც პარლამენტის ბიურო ამტკიცებს”,- ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორექტირებული ვერსიის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება.
„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს იქნება შემჭიდროვებულ ვადებში, რადგან მთავრობას სჭირდება თანხების დახარჯვა სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ. პარლამენტი მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს და ვეცდებით, საგანგებო ბიუჯეტი სწრაფად დავამტკიცოთ“, – აცხადებს დეპუტატი.
მისივე თქმით, მთავრობამ ანტიკრიზისული პროგრამა წარმოადგინა, რომელიც ერთ მილიარდ ლარამდე თანხებს ითვალისწინებდა, თუმცა დღეს საუბარია მეორე პაკეტზე.
„ეს არის თანხები, რომელიც შესაძლებელია, იმ ადამიანების სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდეს, ვინც უმუშევრები დარჩნენ ან მომავალში დარჩებიან. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ეს არის თანხების გადაჯგუფება სოციალური მიმართულებით, გვჭირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარკვეული დახმარებებიც. საგანგებო მდგომარეობა და დეკრეტი ითვალისწინებს იმ შეზღუდვების მოხსნას, რაც დღეს არსებობს სარეზერვო ფონდების გამოყენების მიმართულებით. გამოთავისუფლებული თანხები სოციალურ მიმართულებებს მოხმარდება და იმ პაკეტს, რომელზეც ამ წუთებში მთავრობა მუშაობს“, – განაცხადა კოვზანაძემ.
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ხარჯვითი ნაწილის გაზრდა იგეგმება.