ზუგდიდში უფასო სასადილოს ბენეფიციარებს კუთვნილ დღიურ ულუფას მოხალისეები ყოველდღე სახლში მიუტანენ
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს კუთვნილ დღიურ ულუფას მოხალისეები ყოველდღე სახლში მიუტანენ.
ზუგდიდის მერის მოადგილის, კონსტანტინე კაკავას ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის 280 ბენეფიციარისთვის საკვების შინ მიტანას, თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვის კოორდინებას, მერიასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლები აკონტროლებენ.
“მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც განსაკუთრებულ რისკჯგუფს წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები არიან და აქტიურად ჩაერთნენ პროცესებში. დარჩით სახლში და ჩვენ ვიზრუნებთ თითოეულ მოქალაქეზე, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს“, – აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უფასო სასადილოს კვებით უზრუნველყოფის პროგრამაში სულ 280 ბენეფიციარია ჩართული.