„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ფიზიკური სამუშაოები ეპიდემიური ვითარების გამოსწორების შემდგომ დაიწყება“
ვირუსული ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მის სტრუქტურულ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა მუზეუმსა და მუზეუმ-ნაკრძალზე ვიზიტორების მიღება სრულად შეზღუდა. მუზეუმ-ნაკრძალების მატერიალურ-ტექნიკური და კულტურული ფასეულობების დაცვის მიზნით, სამუზეუმო ადმინისტრაციები წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით იმუშავებენ.
მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა სააგენტოს ცენტრალური ოფისი და მისი ყველა თანამშრომელი. ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უწყების სამსახურები დისტანციური მეთოდით განაგრძობენ ფუნქციონირებას.
„კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის პრინციპების გათვალისწინებით ამ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა არქიტექტურულ ძეგლებზე საპროექტო-სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური ობიექტების კვლევა-ძიების პროგრამული გეგმის განხორციელებას. დაგეგმილი სარესტავრაციო, საკონსერვაციო, საპროექტო, კვლევითი და სამეცნიერო-არქეოლოგიური პროექტების სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტოს მიერ უკვე გამოცხადებულია 51 სახელმწიფო ტენდერი, რომელთა პროცედურების გავლის შემდეგ სათანადო ხელშეკრულებები გაფორმდება.
ამავე მიმართულებით მზადდება სატენდერო დოკუმენტაციები კიდევ 20 ობიექტზე, რომლებზეც განაცხადები მომდევნო თვეებში გაკეთდება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ფიზიკური სამუშაოები ეპიდემიური ვითარების გამოსწორების შემდგომ, უახლოეს დროში დაიწყება.
სარესტავრაციო-საკონსერვაციო და გაწმენდითი პროექტები წარიმართება: ახმეტის ღვთაების ეკლესიაზე; გორის ციხეზე; ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსზე; ნოქალაქევის ნაქალაქარზე; უჯარმის ციხეზე; თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფ. დულუზაურების არქიტექტურულ კომპლექსზე; კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ჭალის ჯვარპატიოსნის ეკლესიაზე; დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ალევის არქიტექტურულ კომპლექსზე; დაბა სურამის ლესია-უკრაინკას სახლ-მუზეუმში.
გაგრძელდება ზემო სვანეთის და მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – სოფ. ჩაჟაშის არქიტექტურული ძეგლების რეაბილიტაციისა და პროექტირების სამუშაოები. სარესტავრაციო-ინფარსტრუქტურული პროექტები წარიმართება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიურ მუზეუმში. პროგრამული სია მოიცავს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქედიუბნის ეკლესიის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. მატანისა და შუამთის ახალი ეკლესიის კედლის მხატვრობების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებსაც.
მიმდინარე წლის განმავლობაში მომზადდება საპროექტო და კვლევითი დოკუმენტაციები: უფლისციხის, ვანის ქვაბების, დავითგარეჯას საბერეების კომპლექსის, გრემის ტაძრის, სოფ. ცაიშის ეკლესიის, წალენჯიხის მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესიის, შორაპნის ციხის და მის მიმდებარედ არსებული ისტორიული დასახლებისა და ბაგინეთის არქეოლოგიური ძეგლის რეაბილიტაცია-კონსერვაციისთვის. წელსვე განხორციელდება გრაკლიანის არქეოლოგიური მუზეუმის საექსპოზიციო სივრცის მოწყობის პროექტიც.
კვლევა-ძიების მიმართულებით მიმდინარე წელს სააგენტოს პროგრამული სია 23 ობიექტს მოიცავს. სამეცნიერო გათხრები წარიმართება: დიდნაურის, გედაბერტყას, ჭობარეთის, ფარავანის, ხუნწის, ნოქალაქევის, ითხვისის, ჭაქვინჯის, სამშვილდის, საბუეს, კაზრეთის მაღაროს მღვიმის, ახალშენის. სურამის ციხის, აბულისა და შაორის მეგალითური ძეგლების, ბორჯომის, მაშავერასა და დმანისის არქეოლოგიურ ობიექტებზე.
სააგენტოს მიერ დაგეგმილი სამუშაოების პარალელურად, აქტიურ ფაზაშია საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ განსახორციელებელი სარეაბილიტაციო პროექტების განსაზღვრის პროცესი, რომელიც უახლოეს დროში შეჯერდება. ფონდისთვის სააგენტოს მიერ მიწოდებული სარესტავრაციო ობიექტების ნუსხა 50-მდე ძეგლს მოიცავს“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.