ირაკლი შოთაძე: სასამართლო პროცესების დისტანციური წესით გამართვა ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკებს მინიმუმამდე დაიყვანს
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარებასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე – ნინო ქადაგიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი – გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე – მიხეილ სარჯველაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილე – ნიკა ცხვარაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე – დავით ასათიანი, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი – რაჟდენ კუპრაშვილი ესწრებოდნენ.
მხარეებმა, ქვეყანაში არსებული ინფექციური დაავადების გავრცელების პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარების დეტალები განიხილეს და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმდნენ.
სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარება გულისხმობს პროცესის ყველა მონაწილის ჩართვას სპეციალური პროგრამის დახმარებით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, მხარეები ვიდეოკონფერენციაში ერთდროულად ჩაერთონ.
პროკურორებს შესაძლებლობა ექნებათ, დისტანციურ სასამართლო სხდომებში მონაწილეობა მიიღონ პროკურატურის ნებისმიერი ოფისიდან.
სასამართლო პროცესებში დისტანციურად მოხდება ადვოკატების და პროცესის სხვა მონაწილეების, ასევე, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის საშუალებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული ბრალდებულების ჩართვაც.
„დღევანდელი შეხვედრა ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას მიეძღვნა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში უნდა განხორციელდეს, რათა მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს და ასევე უზრუნველყოფილ იქნას ამ პროცესში ჩართული მხარეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კონკრეტულად, გუშინ უკვე გაიმართა პირველი დისტანციური პროცესი.ჩვენი მიზანია, ყველა იმ საქმეებზე, რომლებზეც მართლმსაჯულება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს პროცესი განხორციელდეს დისტანციური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამა უკვე დაინერგა, რისთვისაც დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს. ვფიქრობ, აღნიშნული სიახლე უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას‘’-განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარება ხელს შეუწყობს სოციალური დისტანციის დაცვასა და ინფექციური დაავადების გავრცელების პრევენციას.