20 მარტი ოთარ ჭილაძის დაბადების დღეა
ცნობილი ქართველი მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი და დრამატურგი ოთარ ჭილაძე 1933 წლის 20 მარტს დაიბადა სიღნაღში.
ოთარ ჭილაძემ სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის გაგრძელება. დამთავრებით კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა დაამთავრა 1951 წელს. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა.
იყო ჟურნალ „მნათობის“ პოეზიის განყოფილების გამგე, მაგრამ ცოტა ხნით.
პირველი ლექსი გამოაქვეყნა ალმანახში „პირველი სხივი” (1952), ლექსების პირველი კრებული „მატარებლები და მგზავრები” გამოვიდა 1959. გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების კრებულები: „თიხის ფირფიტები” (1963), „რკინის საწოლი” (1965), „სინათლის წელიწადი” (1967), „ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით” (1968), „ცხრა პოემა” (1969), „გულის მეორე მხარე” (1974), „გახსოვდეს სიცოცხლე” (1984; 1992), „ლექსები, პოემები” (1991). ჭილაძის რომანებია: „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” (1973), „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976), „რკინის თეატრი” (1981), „მარტის მამალი” (1987), „აველუმი” (1995).
იგი ავტორია ორი პიესისა – „წათეს წითელი წაღები” (დაიწერა 1969, გამოქვეყნდა 1986), „ლაბირინთი” (1990).
1998 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში მსოფლიოს მხოლოდ ხუთ მწერალთან ერთად.
გარდაიცვალა 2009 წელს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.