ქართველი სამხედროები რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით სამშობლოში დაბრუნდნენ(ვიდეო)
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავით დაბრუნდნენ.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ქართველი სამხედროები რუმინეთში წვრთნებში მონაწილეობდნენ, რომელიც აპრილის ბოლოსკენ უნდა დასრულებულიყო. თუმცა, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რუმინეთის ეროვნული თავდაცვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებითა და შესაბამისი დანაყოფების კოორდინირებული ქმედებებით, ქართველი სამხედროები სამშობლოში კურსის დასრულებამდე სპეციალური რეისით დააბრუნდნენ. აღნიშნული, ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ნათელი გამოხატულებაა და პარტნიორობის წარმატებული მაგალითია.
საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით და თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სამხედროები გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტლის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც ისინი ორი კვირის განმავლობაში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან.