იტალიაში, შესაძლოა, საკარანტინო ზომები გაამკაცრონ
“იტალია ცხოვრების ჩვეულ რეჟიმზე გადასვლას კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების შემცირების შემდეგაც ვერ შეძლებს, ამიტომ საკარანტინო ზომები 3 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა, ჯუზეპე კონტემ.
”სისტემის კრახის არიდება შევძელით, შემზღუდავი ზომები მუშაობს. ცხადია, როდესაც პიკს მივაღწევთ და ინფიცირებულთა რიცხვი კლებას დაიწყებს, ჩვენი იმედით უკვე რამდენიმე დღეში – ცხოვრების ჩვეულ რეჟიმზე დაუყოვნებლივ გადასვლას ვერ მოვახერხებთ. ჩვენ მიერ მიღებული ზომები მათი ვადის ამოწურვის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა კონტემ გაზეთ il Corriere della Sera–სთვის მიცემულ ინტერვიუში.
10 მარტიდან იტალიაში საკარანტინო ზომებია მიღებული. დახურულია ყველა სკოლა და სხვა სასწავლო დაწესებულება, კინო, თეატრები, მუზეუმები, სპორტული დარბაზები, დისკოტეკები, გაუქმებულია ყველა მასობრივი ღონისძიება. ზომა 3 აპრილამდე იქნება ძალაში.
25 მარტამდე დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა- სურსათის მაღაზიების და აფთიაქებისა.
სატრანსპორტო მოძრაობა მინიმუმამდეა დაყვანილი, მატარებლების 85% გაუქმებულია.
კონტეს თქმით, საკარანტინო წესის დამრღვევთათვის შემოღებული სადამსჯელო ზომები მუშაობს და კვლავაც მკაცრად გამოიყენება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება სუპერმარკეტების მუშაობის საათების შემცირების საკითხს განიხილავს.
იტალიაში გასული დღის განმავლობაში 475 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამურად, ქვეყანაში ვირუსს უკვე 2978 ადამიანი ემსხვერპლა.
ინფიცირებულია 28710 ადამიანი, 2257 რეანიმაციულ განყოფილებაშია, ვირუსის დამარცხება 4 025 პაციენტმა შეძლო.