ეკონომიკის მინისტრი: მადლობა ყველა კომპანიას, ვინც ჩაერთო ჩვენს პროგრამაში და დაიწყეს პირბადეების წარმოება, მათ შორის, უსასყიდლოდაც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ფოთში, „აჭარა ტექსტილის” სამკერვალო ფაბრიკაში ვიზიტის დროს მადლობა გადაუხადა იმ კომპანიებს, რომლებიც პირბადეების წარმოებაში ჩაერთნენ.

„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო იმ კომპანიებს, ვინც ჩაერთო ჩვენს პროგრამაში და, მათ შორის, პირბადეების გარკვეულ რაოდენობას უსასყიდლოდაც ამზადებენ. პირველ ყოვლისა, ეს არის „აჭარა ტექსტილის” საწარმო, სადაც ახლა ვიმყოფები, ასევე, სხვა საწარმოებიც, მათ შორის  – სამკერვალო ფაბრიკა „მოვი”, რომელიც პირბადეების გარკვეულ რაოდენობას უფასოდ ამზადებს. ასევე, „სმარტფარმი”, რომელმაც თავისი მარაგებიდან დოლბანდის მოწოდება უზრუნველყო, ასევე უფასოდ, ასევე კომპანია „სეზანი”, რომელმაც უსასყიდლოდ დაამზადა და მოგვაწოდა ყუთები. ყველას დიდი მადლობა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსთან, გელა მგელაძესა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ის საწარმო დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაღალია კონსოლიდაცია, სოციალური პასუხისმგებლობა, ერთიანი ვართ მთელი საზოგადოება, რაც მაძლევს იმედს, რომ შევძლებთ, გადავლახოთ ეს გლობალური გამოწვევა”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ყველაფერი დამოკიდებულია მარაგების უწყვეტ მოწოდებაზე, რაზეც ვმუშაობთ.

„ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენს მეზობლებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საელჩოებთან ერთად და მსურს, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები