ეკონომიკის მინისტრი პირველი ქართული პირბადეების წარმოების პროცესს გაეცნო
პირველი ქართული პირბადეების წარმოების პროცესს “აჭარა ტექსტილის” ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, პირბადის დასამზადებელი მასალა შეთანხმებულია როგორც ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე, ლუგარის ლაბორატორიასთან.
თურნავას განმარტებით, მისი უპირატესობა, ჩვეულებრივი პირბადისგან განსხვავებით, იმაში მდგომარეობს, რომ ირეცხება და მომხმარებელს მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა ექნება.
“ნედლეულის მოწოდება სირთულეებთან არის დაკავშირებული, ამიტომ სახელმწიფო ქმნის ამ მარაგებს. ჩვენს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან ვართ კონტაქტზე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დოლბანდის მარაგების მოწოდება დროულად მოხდეს. პირველი ნაწილი პირბადეების წარმოებისთვის საკმარისი მარაგი გვაქვს და პირველი პარტია იქნება გადანაწილებული სახელმწიფო იმ მოხელეთა კატეგორიებზე, ვისაც აქვს ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან”, – აღნიშნა თურნავამ.
ფაბრიკის ფინანსური დირექტორის, გიორგი ლომინაძის განაცხადებით, 500 000 ცალ პირბადეს ეკონომიკის სამინისტროს ფაბრიკა უსასყიდლოდ გადასცემს და აღნიშნული რაოდენობის პირბადე უკვე მზადაა. რაც შეეხება ფართო გაყიდვაში პირბადეების გაშვებას – უახლოეს პერიოდში ვარაუდობენ.
ქვეყანაში კორონავირუსთან შექმნილი ვითარების გამო, ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის” სამივე ქარხანა, რომელიც მდებარეობს ფოთში, ბათუმსა და ბობოყვათში, საწარმოო ხაზს ცვლიან და პირბადეების წარმოება ოფოციალურად დაიწყეს.