20 მარტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში საგამოცდო პროცედურები შეწყდება

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს დროებით აუქმებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციების თანახმად, ასევე, უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, მათ შორის –  გამოცდებიც.

იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

დროებით ვერ მოხდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრების მიერ მომსახურების გაწევა.
მომსახურების სააგენტო კვლავ აგრძელებს სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებას.

რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს – ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები