ალექსანდრე ძნელაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ეკონომიკურ სტიმულირებას შეუწყობს ხელს
ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე ეროვნული ბანკის მიერ სესხების გაცემასთან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.
ძნელაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ცვლილებები საქართველოში ბიზნესის სტიმულირებაზე დადებითად იმოქმედებს, რაც, შესაბამისად, ქართულ ეკონომიკაზე აისახება.
„ეროვნულ ბანკს ამ გადაწყვეტილებასთან დაავშირებით მთავრობისგან საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერა ჰქონდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ეკონომიკურ სტიმულირებას შეუწყობს ხელს. ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება არის ნაბიჯი, რომელიც რეალურად გვაფიქრებინებს, რომ ეროვნული ბანკი განახლების რეჟიმშია. კრიტულ სექტორებთან მიმართებით ცვლილება მნიშვნელოვნად შეეხება სამომხმარებლო სესხებს. რეგულაციები, სავარაუდოდ, უფრო მეტად აისახება მცირე სესხებსა და თვითდასაქმებულებზე. ეკონომიკაზე ეს ყველაფერი ცალსახად დადებითად აისახება”, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში ცვლილებები შეიტანა – იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი, უქმდება სესხის მომსახურების კოეფიციენტის ლიმიტი, სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა ოთხიდან ორამდე მცირდება, იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა, საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე.
ცვლილებები “ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ძალაში შედის 2020 წლის 15 აპრილიდან.