“ჩვენი მიზანია, რომ პიკში არ შევიდეთ, ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ დაკარგული პოზიციების აღდგენა სწრაფად შევძლოთ”
“ჩვენ ახლა ვმართავთ პროცესს იმისთვის, რომ პიკი იყოს მართვადი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მიზანია, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პროცესი პიკში საერთოდ არ შევიდეს.
„ჩვენ ახლა ვმართავთ პროცესს იმისთვის, რომ პიკი იყოს მართვადი. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ჩვენი მართვის ხარისხი. საერთოდ, ჩვენი მიზანია, რომ პიკში არ შევიდეთ. ეს ის პროცესია, რომელშიც ყველას ერთად გვჭირდება მუშაობა. როდესაც ვამბობთ სამოქალაქო თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობას, ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. ყველა ხომ ვხვდებით, რომ გლობალურად სამყარო შეცვლილია, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგავართ ადამიანის ჩვეულებრივი ქცევები იცვლება. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ტრანსფორმაცია ჩვენ ქვეყანაში მოხდეს რაც შეიძლება ეტაპობრივად, რაც შეიძლება ეფექტურად და ნაკლები მსხვერპლის გაღების გარეშე. როდესაც ჩვენ მსხვერპლს ვამბობთ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობას. ამ ვირუსსაც გავუმკლავდებით, აქედანაც გამოვალთ, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ სწრაფად შევძლოთ იმ დაკარგული პოზიციების აღდგენა, რომლის დაკარგვაც, ფაქტობრივად, მოგვიწევს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.