გედევან ფოფხაძე: ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატები” უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო ქადაგიძის კანდიდატურის განხილვისა და კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში კანდიდატურის განხილვა იმის დასტურია, რომ ხელისუფლება მოსწრებაზეა, ნინო ქადაგიძე თანამდებობაზე დაამტკიცოს.
“მიმაჩნია, რომ ძალიან უადგილო იყო და არადროული ეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის მიერ იყოს განხილული ნინო ქადაგიძის კანდიდატურა. ამ ვითარებაში ჩვენ მაქსიმალურად თავს ვარიდებთ ხელისუფლების ოპონირებას, მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი გამომდინარე კორონავირუსით შექმნილი პრობლემებიდან. მიგვაჩნია, რომ რაღაც დონეზე თვითცენზურა უნდა განვახორციელოთ ჩვენი თავის მიმართ რადიკალური ოპონირების მხრივ. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, განხილვა არ მიმაჩნია სწორად. გამოდის, რომ მოსწრებაზეა ხელისუფლება ეს კანდიდატურა დაამტკიცოს. ჩვენ მთლიანი პროცესის მიმართ სკეპტიკური პოზიცია ჯერ კიდევ მოსამართლეობის კანდიდატების განხილვის დროს დავაფიქსირეთ, არაფერი ამ თვალსაზრისით ჩვენთვის არ შეცვლილა. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა შერჩეულია უსამართლოდ, არასწორად, მივიღეთ ინსტიტუცია, რომელიც პოლიტიკურად მართვადია და არ არის დამოუკიდებელი, ეს კი ვერ შეიცვლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან მიმართებით, ამიტომ ამ კანდიდატს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ და არც კენჭისყრაში მონაწილეობა მიგვაჩნია სწორად”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.