კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს

კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს კოორდინაციას გაუწევს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანლებთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

კლინიკური კონტროლის ჯგუფი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის საქართველოს მასშტაბით გამოყოფილი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო კლინიკებში მკურნალობის პროცესს კოორდინაციას გაუწევს და სამედიცინო პერსონალს შესაბამის რჩევებს გაუზიარებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გეგმის მიხედვით მოქმედებს და კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ეფექტურ ღონისძიებებს ახორციელებს.

სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანლებთან დღეს გამართულ საკოორდინაციო შეხვედრაზე პრემიერმინისტრმა, ასევე, მოისმინა ინფორმაცია ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებსა და არსებულ სიმძლავრეებზე.
შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე, პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.

მთავრობის მეთაური მსგავსი ტიპის საკოორდინაციო შეხვედრებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, სახელმწიფო კლინიკებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ პირებთან რეგულარულად განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები