თეა წულუკიანი მოსამართლეებს, მათ თანაშემწეებსა და ადვოკატებს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

“მოსამართლეებსა და მათ თანაშემწეებს, ადვოკატებს, ყველას საჯაროდ ვუხდი მადლობას, რადგან არაერთი ინფორმაცია, რომ დარბაზში მყოფ პატიმრებს აღენიშნებოდათ საეჭვო სიმპტომები, ჩვენ სწორედ მათგან შევიტყვეთ”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოები მაღალი ხარისხის თანამშრომლობას აჩვენებენ.

„სასამართლოებში რა იგეგმება, ამაზე პასუხისმგებელი პირი მე არ გახლავართ, მაგრამ რაც ჩვენს ნაწილში უკვე დავინახეთ, დავებზე, სადაც სამინისტროები ვართ მხარეები სასამართლოში, მაქსიმალურად გვაქვს ხელშეწყობა პროცესების გადავადებასთან, გადადებასთან ან ზეპირი მოსმენების გაუქმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლოები მაღალი ხარისხის თანამშრომლობას აჩვენებენ.

აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მოსამართლეებს და მოსამართლეების თანაშემწეებს, ყველას გადავუხდი საჯაროდ დიდ მადლობას, რადგან არაერთი ინფორმაცია იყო, რომ სასამართლო დარბაზში მყოფ პატიმარს აღენიშნებოდა საეჭვო სიმპტომები. ჩვენ შევიტყვეთ სწორედ მოსამართლეების თანაშემწეებისგან, რომლებმაც ცხელ ხაზზე დარეკეს, ასევე, ადვოკატებმაც და გვითხრეს, რომ რამდენიმე წუთის წინ დარბაზში საეჭვო სიმპტომის მქონე პატიმარი ჰყავდათ. სწორედ ასე შევძელით ჩვენ, რომ ამგვარი პატიმრები შეგვეჩერებინა ციხის პერიმეტრთან და არ დაგვეშვა პენიტენციურ დაწესებულებებში. ამიტომ ყველა მოსამართლეს, მათ თანაშემწეებს, ადვოკატებს თანამშრომლობისთვის ვუხდი დიდ მადლობას“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები