„ბოლო სამ თვეში სამი საქვეყნო კაცი დავკარგეთ, სამი მსოფლიო რანგის მწერალი… სამგლოვიარო პროცესია კი მცირერიცხოვანი იყო“
გივი მარგველაშვილის გარდაცვალებასა და დაკრძალვას მწერალი როსტომ ჩხეიძე “ფეისბუქის” გვერდზე გამოეხმაურა.
„ბოლო სამ თვეში სამი საქვეყნო კაცი დავკარგეთ, სამი მსოფლიო რანგის მწერალი: დავით წერედიანი, გურამ გეგეშიძე და გივი მარგველაშვილი.
სამგლოვიარო პროცესია სამივე შემთხვევაში იმდენად მცირერიცხოვანი გახლდათ, რომ უფრო ცოტა ხალხი რაღა უნდა ყოფილიყო.
მაშინ სამივე სასახლე თავისით თუ აცურდებოდა ქარში, გალაკტიონის ტრაგიკული ხილვებისა არ იყოს.
თუმც ყოველ ასეთ შემთხვევაში თავს იმით ვინუგეშებ ხოლმე, სტენდალის კუბოს სულ რამდენიმე კაცი რომ მიაცილებდა სამარისაკენ. მაგრამ იმ რამდენიმეში ერთი პროსპერ მერიმე გახლდათ“, – წერს როსტომ ჩხეიძე.
92 წლის ასაკში გარდაცვლილი გერმანიაში მოღვაწე მწერალი და ფილოსოფოსი, გივი მარგველაშვილი თბილისში, მახათას მთაზე, პანთეონში დაკრძალეს.