გენერალური პროკურორის მოადგილეებმა თანამშრომლებს აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორები წარუდგინეს
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეებმა პროკურატურის თანამშრომლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორები წარუდგინეს.
გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი – მალხაზ გეწაძე, ხოლო გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის თანამშრომლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი – ზაზა მეტონიძე წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, ზაზა მეტონიძესა და მალხაზ გეწაძეს პროკურატურის სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, ბოლოს ზაზა მეტონიძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურორი, ხოლო მალხაზ გეწაძე ძველი თბილისის რაიონული პროკურორი იყო.
თანამშრომლებთან შეხვედრაზე გენერალური პროკურორის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურებს, ისევე, როგორც, ზოგადად, საქართველოს პროკურატურას, მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ და უწყებების მუშაობა კიდევ უფრო ეფექტიანი უნდა გახდეს.
საუბარი შეეხო უწყების პრიორიტეტულ საკითხებსა და პროკურატურის თანამშრომლების სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და მოქალაქეებთან კიდევ უფრო ეფექტიან და ღია კომუნიკაციის მნიშვნელობას.
განხორციელებული საკადრო ცვლილებები მიმართულია პროკურატურის სისტემის ეფექტიანობის კიდევ უფრო ამაღლებისა და განვითარებისკენ.