არჩილ თალაკვაძე: არცერთი პარლამენტარი და პარლამენტის თანამშრომელი კარანტინის რეჟიმში არ იმყოფება და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია
“მომდევნო 12 საათის განმავლობაში გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შეეხება და კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას დაარეგულირებს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მომენტისთვის პარლამენტი კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას ეფექტურად უმკლავდება.
„მინდა გაცნობოთ, რომ მომდევნო 12 საათის განმავლობაში გამოიცემა სპეციალური ბრძანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრებსა და თანამშრომლებს შეეხება და დაარეგულირებს კორონავირუსთან დაკავშირებულ ნებისმიერ შესაძლებელ სიტუაციას. ძირითადად ეს იქნება, თვითიზოლაციასთან თუ კარანტინთან დაკავშირებული, ასევე სამედიცინო სამსახურებთან კონსულტაციისთვის, თუ იმ ადამიანებთან დაკავშირებული სცენარები, რომლებიც შესაძლოა, მოგზაურობდნენ მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებში. ამ მომენტისთვის არცერთი პარლამენტარი და არცერთი პარლამენტის თანამშრომელი არ იმყოფება კარანტინის რეჟიმში და არ აქვს დადასტურებული კორონავირუსის ინფექცია. შესაბამისად, პარლამენტი ამ მომენტისთვის ეფექტურად უმკლავდება ვირუსთან დაკავშირებულ სიტუაციას. მე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამსახურებს, რომლებმაც დროულად მოგვაწოდეს რეკომენდაციები და ასევე ყველა ჩვენს თანამშრომელს, ვინც დაიცვა ეს რეკომენდაციები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.