ქარელის მუნიციპალიტეტის საღოლაშენის ღვთისმშობლის ეკლესიას სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები განხორციელდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია იყო მძიმე მდგომარეობაში, დაზიანებული იყო სახურავი და იატაკი, საშიშროება იყო წყლის ჩასვლის, ტაძარს არ ჰქონდა სარინელი, რის გამოც ზიანდებოდა საძირკველი, ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო შხამ-ქიმიკატების საწყობი, რის გამოც ტაძარში წლების განმავლობაში იდგა მძაფრი სუნის მომწამვლელი ჰაერი.
სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც ი/მ „პაატა ბასიშვილმა“ განახორციელა, ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები:
აიყარა ქვის ძველი იატაკი და მის ქვემოთ 0,5 მ-ის სიღრმეზე მოიხსნა შხამ-ქიმიკატებით დაბინძურებული მიწის ფენა, არსებული სივრცე შეივსო წვრილი ღორღით და დაიგო ქართული აგური;
მოხდა ეკლესიის დაზიანებული სახურავის დემონტაჟი, ძველი, გამოქარული კირდუღაბის მოხსნა და ახალი კირდუღაბით კამარის გადალესვა;
ტაძარი გადაიხურა ლითონით ლორფინის იმიტაციით;
ეკლესიის ფასადებიდან გასული საუკუნის ბოლოს ცემენტის ხსნარით შელესილი ფრაგმენტები მოიხსნა და ქვებთაშორისი ღიობები გამოილესა ახალი სპეცკირხსნარით;
ეკლესიის ინტერიერში, კერძოდ, სამრეკლოს ჭერში მოხდა ძველი გაჯის ნალესობის დემონტაჟი და ღიობები ამოივსო სპეცკირხსნარით;
ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი.
ეკლესია დარბაზულია, სამხრეთი მინაშენით და დასავლეთის გვიანდელ მინაშენზე დასმული სამრეკლოთი.
ეკლესია თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით, საფუძვლიანად გადაუკეთებიათ XIX ს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები