სოფელ ჰერეთისკარში მოსახლეობამ აქცია გამართა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა სასმელი და სარწყავი წყლის დაუყოვნებლივ მიწოდება მოითხოვეს.
აქციის მონაწილეების განმარტებით, 3-4 თვეა, რაც სასმელი და სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ და, წყლის დეფიციტის გამო, სათბურებში დარგული ბოსტნეულის ნერგები უხმებათ.
აქციაზე ვითარებაში გასარკვევად ლაგოდეხის მერი მივიდა. ჯონდო მდივნიშვილის თქმით, პრობლემა მშრალმა ამინდმა შექმნა, რამაც წყლის დებეტის შემცირება გამოიწვია.
მერის თქმით, კიდევ ერთ პრობლემად გასაწმენდი ჭაბურღილები სახელდება. ერთ კვირაში წყალმომარაგების კომპანია ჭაბურღილების გასაწმენდად ტენდერს გამოაცხადებს, თუმცა როდის დასრულდება კონკრეტული სამუშაოები და როდის მიიღებს მოსახლეობა წყალს, ამ ეტაპზე უცნობია.
აქციის მონაწილეების თქმით, პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, აქციები პერმანენტულ სახეს მიიღებს.