11 მარტი ანა კალანდაძის გარდაცვალების დღეა

11 მარტი რუსთაველის პრემიის ლაურეატი პოეტის ანა კალანდაძის გარდაცვალების დღეა.
ანა კალანდაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა. სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს.
მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე – ეს წოდება სამეცნიერო ხარისხის დაუცველად მიენიჭა მას 1973 წელს ინსტიტუტის გადაწყვეტილებით.
წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.

გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

ანა კალანდაძემ ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1946 წელს გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებასა“ და ჟურნალ „მნათობში“. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს, რომელმაც დიდი პოპულარობა და საყოველთაო სიყვარული მოუტანა.
მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე.
ანა კალანდაძე დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით და ღირსების ორდენით.
1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად.
1985 წელს ციკლისათვის „თავაწეული ქართული დროშები“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის.
2006 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები