პუტინი, პრეზიდენტად, რამდენიმე ვადით არჩევას მხარს უჭერს, რითიც არჩევნებში მონაწილეობას კვლავ შეძლებს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მხარს უჭერს კონსტიტუციაში შესწორების შეტანას, რომელიც პრეზიდენტის ვადის განულებას გულისხმობს.
თუმცა, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ შესწორების კანონიერებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას დაელოდება.
პუტინი დღეს, სახელმწიფო დუმაში მას შემდეგ მივიდა, რაც მმართველი “ედინაია როსიას” დეპუტატი, ვალენტინა ტერეშკოვა, საპრეზიდენტო ვადის განულების ინიციატივით გამოვიდა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე ვადით პრეზიდენტად არჩევას.
დუმაში სიტყვით გამოსვლის დროს, პუტინმა განაცხადა, რომ მსგავსი წინადადება სანკტ-პეტერბურგში იანვარში გაჟღერდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მაშინ რუსეთის პირველმა პირმა თქვა, რომ პრეზიდენტის სავარძელში უვადო ყოფნა საბჭოთა კავშირის ვითარებას დაემსგავსება. თუმცა, დღეს მან თქვა, რომ მაშინდელი განცხადება “არაკორექტული იყო”, რადგან საბჭოთა კავშირში არჩევნების ალტერნატივა არ არსებობდა.
ვლადიმერ პუტინს უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ეწურება. კონსტიტუციის ამჟამინდელი რედაქციით, მას ხელახალი კენჭისყრის უფლება არ აქვს, თუმცა შესწორების შეტანის შემთხვევაში მას ეს უფლება მიენიჭება.