WEG: კომუნალური ტარიფების სუბსიდირება არაეფექტიანია
“სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ენერგეტიკული დახმარების არსებული სქემები არაეფექტიანია და ხელს უწყობს სოციალური უთანასწორობის ზრდას”, – ამის შესახებ ორგანიზაციის – “მსოფლიო გამოცდილება – საქართველოსთვის” (WEG) კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის თანახმად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფები, ინფლაციის გათვალისწინებით, კლების ტენდენციით ხასიათდება – ელექტროენერგია 17%-ით გაიაფდა, გაზი -20%-ით. რაც შეეხება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დეკლარირებულ შემოსავლებს – ეს მაჩვენებელი 1.8 ჯერ გაიზარდა.WEG-ს გათვლებით,ენერგეტიკული ტარიფების სუბსიდირების მოცულობა წელიწადში 200 მლნ დოლარი ჯდება.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით, WEG-ში ამტკიცებენ, რომ ენერგეტიკული დახმარების არსებული სქემები არაეფექტიანია და ხელს უწყობს სოციალური უთანასწორობის ზრდას როგორც თბილისსა და რეგიონებს შორის, ასევე – ღარიბ და შეძლებულ მოსახლეობას შორის. არსებული სოციალური დახმარების სისტემა არ ეხმარება მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს (65 დან -100 000- მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები) ვინც ვერ იკმაყოფილებს საბაზო სასიცოცხლო მოთხოვნებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისში დახმარება გაიცემა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და შეადგენს წელიწადში საშუალოდ 530 ლარს (დახმარება გაიცემა 5 თვეზე, თვეში 106 ლარის ოდენობით, მოიცავს), ხოლო რეგიონებში ცენტრალური მთავრობა ახდენს ტარიფის სუბსიდირებას 3.9 თეთრით. რეგიონებში გაცემული დახმარება მონეტარულ მაჩვენებელში წელიწადში, დაახლოებით, 50 ლარს შეადგენს.
ზემოთ დასახელებული გარემოებების გათვალისწინებით, WEG-ში მიაჩნიათ, რომ მიზნობრივი დამატებითი დახმარება მხოლოდ მოწყვლად მომხმარებლებს უნდა გაეწიოს.