ექსპერტი: ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყნები ჩვენზე მეტად დაზარალდნენ, ბევრგან ვერ ახერხებენ საზღვრის სათანადოდ კონტროლს
“საქართველო აკეთებს იმას, რაც შეუძლია და, ჩემი აზრით, აკეთებს ეფექტიანად. მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ლუგარის ლაბორატორია და “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი”, რომელსაც ასეთი პროფესიონალები ხელმძღვანელობენ – ვგულისხმობ ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს”, – ამის შესახებ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში კორონავირუსთან დაკავშირებით საუბრობს.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის შეფასებითა და დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ მსოფლიოს, დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის ზიანი მიადგება.
“საქართველო აკეთებს იმას, რაც შეუძლია და, ჩემი აზრით, აკეთებს ეფექტიანად. მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელსაც ასეთი პროფესიონალები ხელმძღვანელობენ – ვგულისხმობ ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს. ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყნები ჩვენზე მეტად დაზარალდნენ. ძალიან ბევრგან ვერ ახერხებენ საზღვრის სათანადოდ კონტროლს. ამერიკა რომ ამერიკაა, იქაც კი აშკარად მოუმზადებლად მოქმედებენ. ხშირად ვამბობ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები თავისაზე, ქართველებს კი სწავლა საერთოდ არ გვიყვარს-მეთქი. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა პროფესიონალები სხვის გამოცდილებასაც სწავლობენ და შეცდომებსაც ითვალისწინებენ. ვფიქრობ, კარგი და სწორი ნაბიჯი იყო ტელეკონფერენცია ჩინელ ექიმებთან. როგორც ითქვა, მალე უხანში, საიდანაც გავრცელდა ინფექცია, მოიხსნება კარანტინი, რადგან ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. ჩინეთში დღითიდღე იკლებს დაინფიცირებისა თუ გარდაცვალების შემთხვევები, რაც გვაიმედებს. ჩვენს შემთხვევაში ჯერ პროგნოზების კეთება რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, მოვახერხებთ და თავიდან ავიცილებთ ეპიდემიას, თუკი გამოვიჩენთ სამოქალაქო თვითშეგნებას, დავიცავთ ჰიგიენურ ნორმებს, არ დავიწყებთ ხვევნა-კოცნას… უცხოეთიდან ჩამოსვლისას კი პირველ დღეებში მოვერიდოთ სხვებთან აქტიურ კონტაქტს. ჩვენ ცოტა არ იყოს პარადოქსების ხალხი ვართ. როცა კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გახდა ცნობილი, ნამდვილად იყო პანიკური სიტუაცია, ვიღაცები გაცვივდნენ და სუპერმარკეტები დააცარიელეს, მაგრამ ამის პარალელურად წამოვიდა იუმორის ნიაღვარი და ლამის წალეკა სოციალური ქსელები. არ ვიცი, ბოლოს ქართველებმა ასე როდის და რაზე იხალისეს. ეს იუმორიც ებრძვის პანიკას…
ზოგჯერ ახლაც შეიმჩნევა პანიკური განწყობა. სამხრეთელები ვართ, ზოგჯერ ემოციებს ვერ ვიოკებთ, მაგრამ ვფიქრობ, ჯერჯერობით, ამ თვალსაზრისით საგანგაშო არაფერია. თუკი ყველანი გავერთიანდებით, ყველაფერი კარგად იქნება. ზოგიერთი მიზანმიმართულად ცდილობს აამღვრიოს წყალი და მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს, რაც არასწორია. მალე შეცდომების დათვლის დროც მოვა. ახლა ერთიანობის დროა.
რაც შეეხება კორონავირისით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალს – მსოფლიო ბანკის შეფასებითა და დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ მსოფლიოს, დაახლოებით, 300 მილიარდი დოლარის ზიანი მიადგება. თუ გავიხსენებთ, რომ მსოფლიოს შიდა პროდუქტი შეადგენს 90 ტრილიონ დოლარს, ზარალის მაჩვენებელი იქნება 1%-ზე ნაკლები, რაც არ არის იმხელა ზარალი, რისი აღმოფხვრაც დროულად ვერ მოხერხდება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია კიდევ რამდენ ხანს მოუწევს მსოფლიოს ამ რეჟიმით ცხოვრება. იმედია, მარტის ბოლოდან ვითარება გაუმჯობესდება. რაც შეეხება საქართველოს – ვითარება, ჯერჯერობით, აქაც ნორმალურია. სავარაუდოდ, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ აპრილიდან ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში ტურისტების რაოდენობაც ისევ მოიმატებს. ვხედავთ, ლარი მყარდება, რაც იმით აიხსნება, რომ ადამიანები უცხოურ ვალუტას აღარ ყიდულობენ, რადგან მკვეთრად მცირდება საზღვარგარეთ წამსვლელთა რიცხვი. დღეს ჩვენს მოქალაქეებს ლარი უფრო სჭირდებათ”, – განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.