ეროვნულმა ბანკმა საბანკო რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების წესის გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო.

„სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ. შემცირდება სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების რაოდენობაც“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში, რომელიც სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც სებ-ი განმარტავს, რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომელთა მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს.
„საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და საჭიროებისამებრ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის”, – აღნიშნულია სებ-ის ვებგვერდზე.

როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესში ცვლილებების შეტანაზე, ანუ მის გამარტივებაზე მუშაობა 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ამ ცვლილებების ამოქმედება 2020 წლის მარტიდან იგეგმებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები