“სოკარ ჯორჯია გაზი“ 45 მილიონის ინვესტირებას გეგმავს – გაიზრდება თუ არა გაზის ტარიფი
„სოკარ ჯორჯია გაზმა“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) ორწელიწადნახევარზე გათვლილი საინვესტიციო გეგმა წარადგინა, რომელიც 45 მილიონი ლარის ინვესტიციას ითვალისწინებს.
როგორც სემეკ-ის თავჯდომარე, დავით ნარმანია განმარტავს, ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე, “სოკარისთვის” დადგენილია დროებითი ტარიფი, რომელიც 6 თვის განმავლობაში მოქმედებს, შესაბამისდ, კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინვესტიციების სრული ასახვა გაზის ტარიფზე არ მოხდება.
„ჩვენთან “სოკარმა” ხელახალი განაცხადი შემოიტანა, ვინაიდან ჩვენ დეკემბრის ბოლოს “სოკარისთვის” დავადგინეთ, ახალი კანონმდებლობიდან გამომდინარე, დროებითი ტარიფი 6 თვის ვადით. შესაბამისი მარეგულირებელი აუდიტი განხორციელდება სემეკ-ის მიერ დადგენული წესის მიხედვით და ამ ყველაფერზე დაყრდნობით მოხდება მომდევნო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში სამომხმარებლო ტარიფის დაანგარიშება“, – აცხადებს ნარმანია.
მისივე თქმით, სახელმწიფო იღებს თავის თავზე გარკვეულ რისკებს და რეგიონებში გაზზე ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის.
როგორც ცნობილია, სემეკ-მა ბუნებრივი გაზის ახალი სამომხმარებლო ტარიფები “თბილისი ენერჯის”, “სოკარ ჯორჯია გაზის”, “საქორგგაზისა” და რამდენიმე მცირე მასშტაბის კომპანიისთვის 2019 წლის ბოლოს დაამტკიცა.
“სოკარ ჯორჯია გაზისა” და “საქორგგაზის” გარდა, ყველა კომპანიისთვის სამწლიანი ტარიფი დამტკიცდა. ტარიფები თითქმის ყველა აბონენტისთვის უცვლელი დარჩა.