მოსკოვში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს
მოსკოვში კრემლში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს.
პუტინმა ერდოღანს მიუსამძიმრა სირიაში თურქი სამხედროების დაღუპვის გამო და განაცხადა, რომ იდლიბში შექმნილი სიტუაცია მოითხოვს პირდაპირ საუბარს.
„როგორც ითხოვდით, მზად ვართ, დავიწყოთ პირისპირ შეხვედრა, მერე კი, საჭიროებისამებრ, ჩავრთოთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც ჩვენგან მარცხვნივ და მარჯვნივ, დარბაზში იმყოფებიან“, – თქვა პუტინმა.
თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ მთავარი მიზანია მოსკოვისა და ანკარას ურთიერთობების განვითარება, რომლებმაც ბოლო დროს „პიკს მიაღწია“.
„იდლიბის მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ჩვენს დღევანდელ შეხვედრას აქვს დიდი მნიშვნელობა. ნამდვილად, იდლიბში ახლა ძალიან დაძაბული სიტუაციაა. დღეს მთელი მსოფლიოს ყურადრება მიპყრობილია აქეთქენ [მოსკოვისკენ]. ვფიქრობ, რომ ნაბიჯები, რომლებიც დღეს იქნება გადადგმული და ჩვენი გადაწყვეტილებები უდავოდ განმუხტავს სიტუაციას“, – აღნიშნა ერდოღანმა.
თურქეთის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები, ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი, ასევე ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
კითხვაზე, რას ელოდება რუსეთი შეხვედრისგან, პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უმჯობესია ამ კრიზისისა და მისი თანმხლები შედეგების გაგება და საჭიროა ერთობლივი ზომების მიღება მისი შემდგომი შეჩერებისთვის.
მანამდე მოსკოვმა და ანკარამ ექსპერტთა დონეზე მოლაპარაკეთა სამი რაუნდი გაიარეს, თუმცა მათ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
რუსეთი სირიის ხელისუფლებას უჭერს მხარს, თურქეთი კი – ამბოხებულ ოპოზიციას.