ტექნიკურმა უნივერსიტეტმა TBILISI ARCH WEEK-ს უმასპინძლა
არქიტექტურული კვირეულის TBILISI ARCH WEEK-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მასშტაბურობას კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებმა შეუშალა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის, სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის არქიტექტურული სკოლების გარდა, უნდა მიეღო 30-მდე არქიტექტორსა და პროფესორს იტალიიდან და ესპანეთიდან. იტალიელი და ესპანელი არქიტექტორები საქართველოს ობიექტური მიზეზების გამო ვერ ესტუმრნენ, თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, TBILISI ARCH WEEK-ის ფარგლებში, მომავალი ქართველი არქიტექტორების ნამუშევრების გამოფენა შედგა.
„პროექტი და ვორქშოფი – წეროვანის დასახლების ხელახალი კულტურული დაგეგმარება, რაც არქიტექტურული კვირეულის ფარგლებში მოვამზადეთ, ეკუთვნის ჩვენს სტუდენტებს და ეხება ჩვენთვის ისეთ მტკივნეულ თემას, როგორიცაა დევნილთა დასახლებები. ზოგადად, დევნილთა დასახლებები საქართველოში ახალი თემაა, 2008 წლის შემდეგ გაჩნდა. ცხადია, როდესაც დასახლება დაიგეგმა და აშენდა, მთავარი მიზანი მისი სწრაფად და იაფად აშენება იყო და არ იქნა გათვალისწინებული მთელი რიგი პრობლემები: ურთიერთობის, ვიზუალური, ესთეტიკური მხარეები. მთავარი პრობლემა კი სხვადასხვა რეგიონის ადამიანებს შორის ურთიერთობა და მათი დასაქმებაა”, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნინო იმნაძე.
სტუდენტებმა პროექტზე მუშაობის პროცესში გააკეთეს ურბანული ანალიზი, გამოავლინეს პრობლემები და შექმნეს პროექტები. სტუდენტთა ორმა ჯგუფმა ორ განსხვავებულ თემაზე იმუშავა. პირველი პროექტი გულისხმობდა წეროვანში დღეს არსებული მდგომარეობის განვითარებას და დასაქმებას, მეორე წეროვანის ხელახლა დაგეგმარება-აშენებას.
სტუდენტებმა დასაქმების კუთხით, გამოიყენეს წეროვანის ტერიტორიული მდებარეობის უპირატესობა და პროექტში შეიტანეს ყვავილების სათბურის თემა, მოიფიქრეს ფერადი ქუჩები, თითოეულ ქუჩას ყვავილების სახელები უწოდეს. მეორე პროექტი, არსებული პრობლემების გათვალისწინებით, წეროვანის ახალ დაგეგმარებას ეხება. პრობლემების შესახებ სტუდენტებს ინფორმაცია თავად მოსახლეობამ მიაწოდა.
„ჩვენი სტუდენტების ნამუშევრები არის ერთგვარი მოდელი, რადგან წეროვანის ტიპის დასახლებები უკვე ჩნდება ჩვენ ქვეყანაში. პირველ ეტაპზე, ამ დასახლების აშენება აუცილებლობით იყო განპირობებული. ახლა აღმოჩნდა, რომ მას სერიოზული კვლევა სჭირდება, რაც უკვე დაწყებულია. მაგალითად, ჩილელი არქიტექტორი ალიჰანდრო ალევანა სწორედ მცირემოცულობიანი, მცირეგაბარიტიანი საცხოვრებელი სახლების დაპროეტებაზე მუშაობს. მის პროექტში გათვალისწინებულია დევნილთა დასახლებების თანმდევი პრობლემები. თუ როგორი მოდელი შეიძლება შეიქმნას დღეს საქართველოში და რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, ამის შესახებ მომზადებული მასალა ჩვენმა სტუდენტებმა უკვე დადეს. მოსამზადებელ სამკვირიან პერიოდში, მაქსიმალური გაკეთდა. მუშაობის პროცესში, საინტერესო იყო სტუდენტთა აზროვნება, მათი შემოქმედებითი დამოკიდებულება პრობლემის მიმართ და მეთოდიკა, რომლითაც მიუდგნენ საკითხს”, – აღნიშნა ნინო იმნაძემ.
არქიტექტურული კვირეულის TBILISI ARCH WEEK-ის პროექტის იდეა და ორგანიზება ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულს, იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩს მარიამ ბოჭორიშვილს ეკუთვნის.