რა კავშირშია კორონავირუსი და საგზაო ინფრასტრუქტურა – მთავრობაში ბიტუმის უწყვეტი მიწოდების საკითხი განიხილეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საჭირო პროდუქტის – ბიტუმის უწყვეტი მიწოდების საკითხი განიხილეს.

აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც საქართველოში ბიტუმის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა, ირანი კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთ წყაროდ იქცა.

ირანიდან ბიტუმი საქართველოში, ძირითადად, სატვირთო ავტომანქანებით შემოდის, რომელთა გადაადგილების წესში ცვლილება შევიდა და პრევენციული ზომები ამოქმედდა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, აკაკი საღირაშვილი აცხადებს, საქართველო, ირანის სხვა მეზობელი სახელმწიფოების მსგავსად, პრევენციულ ღონისძიებებს მიმართავს. მისი თქმით, აუცილებელია როგორც საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე – საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სხვა სამრეწველო მიზნებისთვის ბიტუმის შეუფერხებელი მიწოდება.
შეხვედრის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოში ბიტუმის მსხვილი იმპორტიორები და მომხმარებლები არიან, აღნიშნული პროდუქტის ქვეყანაში შემოტანისა და ტრანსპორტირების ალტერნატიულ გზებზე, აგრეთვე, პრევენციული ღონისძიებების გატარების შედეგად ბაზარზე შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის, შემოტანის ვადებსა და ღირებულებაზე ისაუბრეს.
„შეხვედრა ძალიან პროდუქტიული იყო. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, რაც ფორმით შეიძლება, შემოვიდეს ბიტუმი საქართველოში, რა ტარიფითა და რა ვადებში, მათ შორის, მულტიმოდალური სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში. ჩვენ სრული სურათი გვაქვს ბაზარზე არსებული ალტერნატივების შესახებ, ასევე ვადებისა და ფასების შესახებ. ვფიქრობთ, რომ ინდუსტრია თავად შეარჩევს ბიტუმის შემოტანის ოპტიმალურ ფორმასა და სატრანსპორტო საშუალებას, რათა პროდუქტი ბაზარს უწყვეტად მიეწოდოს”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები