გურამ ნიკოლაშვილი: ხელისუფლებამ გაიზიარა არგუმენტი, რომ 40%-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, დააკომპლექტოს მთავრობა
„ხელისუფლებამ გაიზიარა არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ 40%-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, დააკომპლექტოს მთავრობა, რის თეორიულ შანსსაც იძლევა დღევანდელი საარჩევნო სისტემა”, – ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის” „დღის ქრონიკაში” განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ მორიგი ნაბიჯი გადადგა საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მისაღწევად, ამომრჩეველი ინტერესით ელოდება საბოლოო მექანიზმს, „ქართული ოცნება” და ოპოზიციური პარტიები რაზე შეთანხმდებიან.
„ხელისუფლებამ გაიზიარა არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ 40 პროცენტზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, დააკომპლექტოს მთავრობა, რის თეორიულ შანსსაც იძლევა დღევანდელი საარჩევნო სისტემა. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებაში” შეიმუშავეს წინადადება, რომელიც გულისხმობს საარჩევნო სისტემის ისეთ ცვლილებას, რაც შეცვლის არსებულ ვითარებას. საუბარია იმაზე, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლოს დამოუკიდებლად ხელისუფლების ფორმირება, თუკი პროპორციული დათვლით აიღებს 40%-ზე მეტს. დამატებით ჩნდება ე.წ. ჩამკეტი მექანიზმიც, რაც პარტიას არ აძლევს საშუალებას, მიიღოს იმაზე მეტი ადგილი პარლამენტში, ვიდრე ეს გათვალისწინებულია შეთავაზებული საარჩევნო ცვლილებით. საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა ან ვერმიღწევა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ დასრულდეს ჭიდილი ქართული პოლიტიკის ცენტრალურ თემად ქცეულ საკითხზე და პოლიტიკური პარტიებიც და ამომრჩეველიც გადავიდნენ ნორმალურ წინასაარჩევნო რეჟიმში. მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველს საშუალება მიეცეს, წყნარ და მშვიდ გარემოში შეაფასოს თითოეული პოლიტიკური ძალის პოტენციალი და საარჩევნო დაპირებები, რის მიხედვითაც უნდა გაკეთდეს გონივრული არჩევანი ოქტომბერში”, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.