ლავროვი: ევროკავშირში მიგრანტთა პრობლემის მოსაგვარებლად რუსეთი ტერორიზმთან ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჰელსინკიში ფინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იმისათვის, რათა ევროკავშირში მიგრანტთა პრობლემა მოგვარდეს, რუსეთი ტერორიზმთან ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.
„ჩვენ ევროკავშირისთვის მიგრანტების პრობლემის სირთულე სრულად გვესმის, თუმცა ამ პრობლემის გადაწყვეტაში დახმარება ტერორიზმთან ბრძოლის შეწყვეტის ხარჯზე არ შეგვიძლია“, – აღნიშნა ლავროვმა.
მან დაამატა, რომ პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეთანხმებების სრული შესრულება, რომლებიც იყო მიღწეული 2018 წლის სექტემბერში და ეხებოდა სირიული იდლიბის გარშემო ზონის დეესკალაციას.
ცნობისთვის, იდლიბში შექმნილი ვითარების გამო ანკარამ ლტოლვილებს ევროკავშირის საზღვრები გაუხსნა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი სირიელი ლტოლვილების ახალ ნაკადს ვერ გაუმკლავდება.