ქვემო ქართლში COVID-19-თან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში, COVID-19-თან დაკავშირებით, საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფთან შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საგანმანათლებლო რესურცენტრების დირექტორები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები და რუსთავისა და ქვემო ქართლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, საკოორდინაციო-სამუშაო ჯგუფის წევრებისგან რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა, მათ შორის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა აუცილებელ ლოკაციას მოიცავს. ამასთან, შეხვედრაზე გაცხადდა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, რეგიონში გაუქმდება 3 და 8 მარტს დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში უკვე ამოქმედებულია საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფები მხარის რწმუნებულების ხელმძღვანელობით. სამუშაო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.