კელი დეგნანი: დარწმუნებული ვარ, საქართველო-ამერიკის მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება (ვიდეო)

“ამერიკელებსა და ქართველებს ბევრი საერთო გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობა დიდხანს გაგრძელდება. დიდი მადლობა”, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

მან ქართველ ხალხს გულთბილად დახვედრისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმსახურო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩად საქართველოში. მადლობას გიხდით თბილისში ჩამოსვლის დღიდან გულთბილი დახვედრისთვის. ყველა გულწრფელი და პოზიტიური გზავნილისთვის, რომელიც თქვენგან მივიღე ჩემს დანიშვნასთან დაკავშირებით. საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მე არ დავიშურებ ძალისხმევას, შევინარჩუნო არსებული მჭიდრო კავშირი და ვეძიო თანამშრომლობის ახალი არეალი ჩვენ ორ ქვეყანას შორის. თითქმის 30 წელია, რაც ამერიკა ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით. ჩვენ საქართველოს დავეხმარეთ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სასამართლო სისტემის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, ჩვენ მხარს ვუჭერთ განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის ხარისხის განვითარებას, რათა ხელი შევუწყოთ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ყველა ქართველისთვის. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მით უმეტეს ამ საარჩევნო წელს, რათა უზრუნველვყოთ ნამდვილად თავისუფლი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი.
​მისი თქმით, საქართველო დიდი პატივისცემით სარგებლობს ამერიკის სამხედრო წრეებში საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში შეტანილი კონკრეტული წვლილისა და მტკიცე ძალისხმევისთვის, რომ გააძლიეროს საკუთარი საზღვრების დაცვა.

“ჩემთვის მართლაც დიდი პატივია, გავუძღვე საელჩოს გუნდს და ვიმუშაო ქართველ მეგობრებთან ერთად, მშვიდობიანი და წარმატებული საქართველოსთვის“, – ამბობს ელჩი ვიდეომიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები