იდლიბში ვითარება უკიდურესად დაიძაბა – რუსეთის ძალების საჰაერო იერიშის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა

იდლიბში, ბაშარ ასადისა და რუსეთის სამხედრო ძალების მიერ მიტანილი სამხედრო იერიშის შედეგად, 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, 36 ჯარისკაცი დაჭრილია.

როგორც ჰათაის პროვინციის გუბერნატორმა, რაჰმი დოგანმა განაცხადა, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქი სამხედროები დასახლებულ პუნქტ ბეჰუნთან დაბომბეს.

საპასუხოდ, თურქმა სამხედროებმა სახმელეთო და საჰაერო დარტყმები განახორციელეს სირიის არმიის წინააღმდეგ.

ამასთან, თურქეთმა საერთაშორისო თანამეგობრობას და ასტანის პროცესის მონაწილეებს მოუწოდა, მომხდარზე პასუხისმგებლობა გაიზიარონ, რომ მოხდეს „კაცობრიობის წინააღმდეგ მიმდინარე დანაშაულებების“ შეჩერება.

მომხდარს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში გამოეხმაურა და მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„სირიაში არსებული კრიზისის დარეგულირება, სამხედრო გზით შეუძლებელია, ერთადერთი გზაა – გაეროს ეგიდით, სიტუაციის პოლიტიკურად დარეგულირება“, – აღნიშნულია გუტიერეშის განცხადებაში.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა იდლიბში განხორციელებული მოვლენები დაგმო.

ნატო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს ასადის რეჟიმსა და რუსეთს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის ნორმები და მხარი დაუჭირონ სირიის კრიზისის დარეგულირების ძალისხმევას, რომელიც გაერო-ს ეგიდით ხორციელდება. სტოლტენბერგის თქმით, კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა თავშეკავება უნდა გამოიჩინონ.

„ყველა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს დაძაბულობის შემცირებას და თავიდან აირიდონ ამ ძალიან სახიფათო გარემოების კიდევ უფრო გამწვავება და ის საშინელი ჰუმანიტარული ვითარება, რომელიც რეგიონში შეიქმნა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები