კახაბერ გვანცელაძე: კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის თქმით, კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება. მისივე ინფორმაციით, დაწესებულებებში ყველა აქტივობა ხორციელდება, რომელიც ჰიგიენის დაცვას სჭირდება.
„ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შესაბამისად, ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ჩვენ სააღმზრდელო პროცესს არ ვწყვეტთ. რაც შეეხება კონკრეტულ აქტივობებს, ჩვენ ვაწარმოებთ საინფორმაციო კამპანიას, თუ რა აქტივობები უნდა განახორციელონ როგორც ჩვენს დაწესებულებებში, ასევე მშობლებმა. ვრცელდება სხვადასხვა ფლაერები და ვაწვდით რეკომენდაციებს მშობლებს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ჰიგიენური ნორმების დაცვას ბაღებში. დღის განმავლობაში რამდენჯერმე ნიავდება ოთახები, ტარდება დეზინფექცია და სხვადასხვა აქტივობები, რომელიც სჭირდება ჰიგიენის დაცვას”, – განაცხადა გვანცელაძემ.