მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, განმეორებითი კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ტემპერატურა და ჩივილები, განმეორებითი კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფექციურში დღეს 3 ახალი პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც შესაბამისი ტესტირება ჩაუტარდებათ და პასუხი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, გუშინ ჩვენს დაწესებულებაში იმყოფებოდა 19 პაციენტი, მათგან 12 გადაყვანილი იქნა აბასთუმანში საკარანტინო სივრცეში. დღეს დაგვემატა 3 ახალი პაციენტი, რომელთა კვლევა გაგრძელდება ლუგარის ლაბორატორიაში, ჩატარდება ტესტირება და დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება პასუხი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აქვს ტემპერატურა და ჩივილები. განმეორებითი კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით ცვლილებები არ ვლინდება, თუმცა ეს დაავადება საკმაოდ მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება და შესაძლებელია, ნებისმიერ დროს მოხდეს მისი დამძიმება, რომელიც გამოვლინდება პნევმონიის სახით. გრძელდება ყოველდღიური მეთვალყურეობა და დინამიური მონიტორინგით გადაწყდება მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი მოქმედება. კლინიკურად, მასთან ერთად მყოფ პირთანაც, რომელიც მოთავსდა ჩვენს ცენტრში, ანალოგიური სიტუაციაა, ვირუსი უარყოფითია და არ არის გამოვლენილი დაავადება. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.