გიორგი დოხტურიშვილი: დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარების გამოსწორება და გარემოზე ზრუნვა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე გიორგი დოხტურიშვილი დედაქალაქის მთავრობის მიერ, ქალაქში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მტვრის ნაწილაკების შემცირებისთვის გადაიდგა საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები, მათ შორისაა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რაც ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს, სამშენებლო მოედნებზე საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასთან და ასეთი მასალების შეფუთვის გარეშე ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით.
როგორც გიორგი დოხტურიშვილმა აღნიშნა, თბილისში მტვრის ნაწილაკების შემცირებას, ასევე ხელს უწყობს მულჩირება, რაც აქტიურად ხორციელდება გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში.
„დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარების გამოსწორება და გარემოზე ზრუნვა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება ტარდება და მომავალშიც არის დაგეგმილი. დედაქალაქს მოემსახურება ქუჩის დამგველი სპეციალური მანქანებიც, რაც ასევე დიდ როლს შეასრულებს მტვრის შემცირებაში. ჩვენ, დედაქალაქის მთავრობასთან ერთად, შევიმუშავებთ იმ სახის რეგულაციებს, რაც მოქალაქეთა საცხოვრებელ გარემოს მეტად დაცულსა და უსაფრთხოს გახდის. საუბარია თბილისის ტერიტორიაზე მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის წესის დადგენაზე. ამ რეგულაციის მიხედვით, ასეთი მასალის განთავსება და რეალიზაცია გარკვეულ ფუნქციურ ზონებში, როგორიცაა საცხოვრებელი და რეკრეაციული ზონები, აიკრძალება. ჩვენი მიზანია, მინიმუმამდე შემცირდეს გარემოზე ზემოქმედების უარყოფითი შედეგები და კომპლექსური მიდგომით გადავჭრათ ეკოლოგიური საკითხები ჩვენს ქალაქში“ – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.