მამუკა მდინარაძე: რეგლამენტის დარღვევაა, როცა დეპუტატი მინისტრს იბარებს და ის არ მიდის, მაგრამ როცა ერთ დღეს მინისტრი პარლამენტშია, მეორე და მესამე დღეს ისევ იბარებ, ეს ახირებაა

როცა ერთ დღეს მინისტრი პარლამენტშია, მეორე და მესამე დღეს ისევ იბარებ, ერთ თვიან შუალედსა და ინტერვალსაც კი არ აძლევ იმისათვის, რომ მან დამატებით საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი გასცეს, ეს ახირებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ფინანსთა მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე არ მივიდა.

„რეგლამენტის დარღვევას აქვს ადგილი, რადგან რეგლამენტის მოთხოვნაა, რომ როცა დეპუტატები მინისტრს დაიბარებენ, ის საკანონმდებლო ორგანოში უნდა მოვიდეს. თუმცა, მეორე საკითხია, ფორმალური მოცემულობა უნდა შევუთავსოთ თუ არა ახირებებს. კერძოდ, როცა ერთ დღეს მინისტრი პარლამენტშია, მეორე და მესამე დღეს ისევ იბარებ, ერთ თვიანი შუალედსა და ინტერვალსაც კი არ აძლევ იმისათვის, რომ მან დამატებით საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხი გასცეს, ეს ახირებაა. მაგალითად, ეს პრაქტიკა ჯანდაცვის მინისტრთან დაკავშირებით დაიხვეწა. ჯანდაცვის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში იყო მოსული, ყველა კითხვას პასუხი გასცა, რაც დეპუტატებს აინტერესებდათ და ამის შემდეგ იყო ახირება, რომ რეგლამენტის ამ ფორმალური მოთხოვნების დაცვით რამდენიმე დღეში ისევ გამოცხადებულიყო. ჩვენ შევთანხმდით და კომიტეტმა ეს შეთანხმება გააფორმა კიდეც. ჯანდაცვის მინისტრი დამატებით დაიბარა არა მეორე დღეს, არამედ გარკვეული ვადის შემდეგ და ერთ თვეში ჯანდაცვის მინისტრი ისევ მოვა პარლამენტში. თუ გვინდა, რომ ფორმალური ახირებები რაღაცნაირად გავაფორმოთ, რომ ყოველ მეორე დღეს მინისტრი პარლამენტში იყოს, თავის საქმეს მოვწყვიტოთ, აღარაფერი აკეთოს და მხოლოდ აქ იყოს, ესეც შეიძლება, მაგრამ ეს საქმეს არ გააკეთებს. მოტივი, რომ კომიტეტზე მეტ კითხვას დავსვამ, უფრო გაბრაზებული და ამიტომ, მინისტრი კომიტეტზეც უნდა მოვიდეს მაშინ, როცა გუშინწინ აქ იყო, ეს ახირება არ უნდა იყოს იმის საბაბი, რომ რეგლამენტის დარღვევაზე ვილაპარაკოთ. გიდასტურებთ, რომ რეგლამენტის კონკრეტული ნორმის მოთხოვნა არ იქნა შესრულებული, რაც ძალიან ცუდია, მაგრამ ამასობაში, რეალურია ამ ყველაფრის ის გამართლება, რომ ყოველ მეორე დღეს ბუკვალური დაცვით რეგლამენტის ახირებები არ უნდა შევასრულოთ. ამ მიმართულებით, ეს პრაქტიკა კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს თუ საჭირო გახდება, რადგან ასე არაპასუხისმგებლობით უდგებიან ცალკეული დეპუტატები საქმეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები