“ოპოზიცია აუცილებლად დაიშლება, მაგრამ უახლოესი ოთხი თვე ოპოზიციისთვის მაინც გადამწყვეტი იქნება, სააკაშვილი კი სიტუაციის ასარევად რუსეთსაც სჭირდება და ამერიკასაც”

ოპოზიცია აუცილებლად დაიშლება, მაგრამ უახლოესი ოთხი თვე ოპოზიციისთვის მაინც გადამწყვეტი იქნება. შესაძლოა ოპოზიციამ გაიმეოროს ის, რაც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს მოხდა, მაგრამ ეს იქნება საბედისწერო ნაბიჯი, უფრო მეტიც, 20 ივნისის გამეორება პირდაპირ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მრჩეველმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა და “სტუ”-ს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა იგორ კვესელავამ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ისაუბრა.

“ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რაც ხდება ოპოზიციის შტაბებში. იქ არის ხალხი, ვისაც ინფორმაცია გარეთ გამოაქვს. ოპოზიციონერები ახლა იღრინებიან, მაგრამ მალე კბენასაც დაიწყებენ. თუმცა ამათ როგორი კბენა უნდათ იცით? ხელისუფლებას რომ უკბინონ და თვითონ არ დაზიანდნენ. ასე არ გამოვა. ფაქტია, რომ ოპოზიცია აუცილებლად დაიშლება, მაგრამ უახლოესი ოთხი თვე ოპოზიციისთვის მაინც გადამწყვეტი იქნება. შესაძლოა ოპოზიციამ გაიმეოროს ის, რაც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს მოხდა, მაგრამ ეს იქნება საბედისწერო ნაბიჯი. უფრო მეტიც, 20 ივნისის გამეორება პირდაპირ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. ის ფაქტი, რომ დიდი მცდელობების მიუხედავად, მაიკ პომპეომ სააკაშვილი არ მიიღო, იმას ნიშნავს, რომ მას განაჩენი გამოტანილი აქვს.

სააკაშვილის სიტუაციის ასარევად რუსეთსაც სჭირდება და ამერიკასაც. აქედან გამომდინარე მას ორმაგი დატვირთვა აქვს… მაგალითად, საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის წარმომადგენელთა ერთ ჯგუფს გიორგი გახარია მიაჩნია დაბრკოლებად, რადგან გახარია უცხოელების თამაშს არ თამაშობს. გიორგი გახარია სწორედ ეროვნული გზით უნდა წავიდეს და თუ მას წინააღმდეგობა შეექმნება, რუსეთში ან ამერიკაში კი არ უნდა გადაიხვეწოს, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გზით უნდა წავიდეს. დიახ, საქართველოს გადაარჩენს სახელმწიფო მოღვაწე და არა პოლიტიკოსი. გიორგი გახარიაში სწორედ სახელმწიფო მოღვაწის პოტენციალს ვხედავ და დიდი იმედი მაქვს, რომ არ ვცდები”,- განაცხადა იგორ კვესელავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები