რამაზ საყვარელიძე: ის ფაქტი, რომ მერაბიშვილი პოლიტიკაში მოდის, რთულია ოპოზიციისთვის, მაგრამ მისასალმებელია “ქართული ოცნებისთვის”
წინასაარჩევნოდ ვანო მერაბიშვილის განცხადებები “ქართული ოცნებისთვის” ჰაერივით მნიშვნელოვანია, აღარ დასჭირდებათ ზედმეტი მანიპულაციები იმის დასამტკიცებლად, რომ მათი მთავარი მეტოქე მწამებელი “ნაციონალური მოძრაობაა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში ისაუბრა.
საყვარელიძის თქმითვე, ვანო მერაბიშვილის გვერდით დაყენება, არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი.
“ის ფაქტი, რომ მერაბიშვილი პოლიტიკაში მოდის, რთულია ოპოზიციური სპექტრისთვის, მაგრამ მისასალმებელია “ქართული ოცნებისთვის”. არც ის არის შემთხვევითი, რომ “ნაციონალებსაც” და “ევროპულ საქართველოსაც” ციხის კართან მისვლა დააგვიანდათ. მათი არდახვედრა იყო ფარული მინიშნება იმისა, რომ ეს კაცი არ უნდათ. ეს ბუნებრივიც არის, სადაც მერაბიშვილი მივა, იქ მხარდამჭერთა რიცხვი შემცირდება. მერაბიშვილის გვერდით დაყენება არცერთი პარტიისთვის არ იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, მითუმეტეს, ამ შემთხვევაში, როდესაც ციხიდან გამოსული ხელისუფლების დამხობის შესახებ აკეთებს განცხადებას.
მოსახლეობისათვის ვანო მერაბიშვილი მიუღებელია. მისი დანახვით ხალხს დაახლოებით იგივე განცდა ეუფლება, რაც 2012 წელს ჰქონდა. პოლიტიკურად ვანო მერაბიშვილი ძალიან საშიშია, ოღონდ იმათთვის, ვისაც “ეხუტება”- “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოსთვის”. კიდევ ერთხელ ვამბობ- წინასაარჩევნოდ მისი განცხადებები ჰაერივით მნიშვნელოვანია “ოცნებისთვის”. აღარ დასჭირდებათ ზედმეტი მანიპულაციები იმის დასამტკიცებლად, რომ მათი მთავარი მეტოქე მწამებელი “ნაციონალური მოძრაობაა”, რადგან მერაბიშვილის გამოჩენა უკვე დააფრთხობს საზოგადოებას.
ზოგადად, ოპოზიციონერები, რაც მეტ უტიფრობას ჩაიდენენ, დაუფშტვენენ, საბჭოთა ჰიმნს იმღერებენ და ა.შ. მით უფრო დაკარგავენ მხარდაჭერას. აბა, ერთი ჰკითხეთ ხალხს, სურს თუ არა, ხელისუფლება ისეთ ადამიანებს გადასცეს, რომლებიც ბოქლომებით დარბიან?! “ნაციონალები” საქართველოში ცდილობენ, ხელისუფლების დისკრედიტაციას და, როგორ ფიქრობთ, უცხოეთში არ იმუშავებენ ამ მიმართულებით? სხვა საკითხია, რომ ხელისუფლება არის უმწეო და ვერ ახერხებს ამ ყველაფრის პრევენციას. როცა ერთი მხარე ტალახს ესვრის მეორეს, ის კი თავისი სიმართლის დადასტურებას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, გაჩნდება წერილების ნაკადი. ხელისუფლება, პირველ რიგში, ქართველი ხალხის გულის მოგებას უნდა შეეცადოს და თავისი შეცდომები აღიაროს, რომლებიც უხვად დაუშვა ამ წლების განმავლობაში”,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.