კახა კალაძე: „ანას ბაღს“ არანაირი პრობლემა არ გააჩნია და სკვერებში, ბაღებში მშენებლობას ვერავინ გაბედავს
„ანას ბაღს“ არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ვერავინ გაბედავს, რომ სკვერებში, ბაღებში განახორციელონ მშენებლობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში მდებარე „ანას ბაღზე“ საუბრისას განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, ძალიან მალე „ანას ბაღის“ სრული რეაბილიტაცია დაიწყება.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ ქვეყანა ჩალით არის დახურული და საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ და მოატყუებენ ეს არ გამოუვათ, არ ვამოუვათ ჩემი მერობის პირობებში. ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ყოველდღიურად ვაწვდით ინფორმაციას ქალაქში მიმდინარე პროცესებზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე. არ გვერიდება არც გამოწვევებზე საუბარი. „ანას ბაღს“ არანაირი პრობლემა არ გააჩნია და ვერავინ გაბედავს, რომ სკვერებში, ბაღებში განახორციელონ მშენებლობა. შესაბამისად, ჩვენ „ანას ბაღთან“ მიმართებით გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ერთადერთი რასაც იქ გავაკეთებთ ეს იქნება „ანას ბაღის“ სრული რეაბილიტაცია. ძალიან მალე დავიწყებთ ამის განხორციელებას. არსებულ ტერიტორიას, რაც ჰქონდა „ანას ბაღს“, კიდევ დავამატებთ მუნიციპალურ მიწებს რომ რაც შეიძლება დიდი სკვერი გამოვიდეს და იყოს ულამაზესი სივრცე, სადაც ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, დაისვენონ და გაერთონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.