ამირან გამყრელიძე: ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ამჟამად ჯანმრთელად არის, მათზე, მონიტორინგი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება
ჩინეთიდან სპეციალური ავიარეისით ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ამჟამად ჯანმრთელად არის და მათზე დაკვირვება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ჩინეთში სხვადასხვა მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ნებაყოფლობით ჩამოყვანა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით მოხდა.
„გამთენიისას მათ დახვდათ ეპიდემიოლოგთა ბრიგადა, კლინიცისტები დახვდნენ. გაიარეს თერმოსკრინინგი, ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი, შეივსო სპეციალური სააღრიცხვო ფურცლები. როგორც მოქალაქეებს განემარტათ, იმის გამო, რომ ჩინეთის თითქმის ყველა პროვინცია დაზიანებულია კორონავირუსული ინფექციით, გვქონდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მათგანი შესაძლო კონტაქტში იყო ინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მოხდა მათი იზოლირება, ანუ კარანტინში გადაყვანა ორი კვირის განმავლობაში საჩხერის სამედიცინო ცენტრის სასტუმრო განყოფილებაში. ამ ეტაპზე, ისინი ჯანმრთელები არიან. მათზე მიმდინარეობს და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება კლინიკური და ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.