გიორგი ხანიშვილი: სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და ექსპორტი გაზრდილია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს მე-3 შეხვედრა გაიმართა. სამეთვალყურეო საბჭო სხვადასხვა უწყებისგან დაკომპლექტებული 19 წევრისგან შედგება და მას მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრებმა ეროვნულ ფიტოსანიტარიულ სტრატეგიაზე, მიმდინარე აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
გიორგი ხანიშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება ფიტოსანიტარიული რისკების განსაზღვრა და პრევენციაა. სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის, ფიტოსანიტარიული მიმართულებით. სამინისტრო, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად მუშაობს და ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. 2019 წელი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით გარდამტეხი წელი იყო. სწორი ფიტოსანიტარიული პოლიტიკის შედეგად, გაზრდილია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოსავლის რაოდენობა, ხარისხი და შესაბამისად, ექსპორტი“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ზურაბ ლიპარტიამ, საბჭოს წევრებს სააგენტოს მიერ მცენარეთა დაცვის მიზნით განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე, მცენარეთა დაცვის მიმართულებით კვალიფიციური კადრების სიმცირესა და მათი მოზიდვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორმა, ბილ ერისიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში ფიტოსანიტარიული მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება.
„საქართველოში ფიტოსანიტარიული მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება. ჩვენი უნივერსიტეტი მზად არის ითანამშრომლოს და ქართველ კოლეგებს წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული საქართველოში არსებულ საჭიროებებსა და გარემოზე“, – განაცხადა ბილ ერისიანმა.
სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას, დონორი ორგანიზაციების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.