ნინო ცაციაშვილმა, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ევროპის საბჭოს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან გამართა. ნინო ცაციაშვილმა მათ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში უწყების მიერ მიღწეული პროგრესის, სამომავლო გეგმებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა.
შეხვედრებზე ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარისხის მნიშვნელოვნად გაზრდასა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა.
სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ადამიანის უფლებათა კომისართან, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალურ დირექტორთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ვენეციის კომისიის მდივანთან, სისხლის სამართლისა და ანტიტერორისტული მიმართულების ხელმძღვანელთან გამართა შეხვედრები.
ნინო ცაციაშვილი, ასევე, შეხვდა დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ინფორმაციული საზოგადოების და დანაშაულის წინააღმდეგ ქმედებების დირექტორატის ხელმძღვანელს, გენდერული თანასწორობის კომისიის მდივანს, წამების პრევენციის კომიტეტისა და ანტიდისკრიმინაციული დირექტორატის წარმომადგენლებს.
ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და მიღწეული პროგრესი, შემდგომი თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზაობა გამოთქვეს.