ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში

0

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. სხდომას ბელარუსის მხრიდან თავმჯდომარეობდა ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ვლადიმერ დვორნიკი, ქართული მხრიდან – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

კომისიაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და სამომავლო აქტივიზაცია, ასევე თანამშრომლობა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის სფეროებში და სხვა.

როგორც მისასალმებელ სიტყვაში ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ლიდერია რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს საქართველოს გამჭვირვალე და ინკლუზიური ბიზნესგარემო, რაც მიმზიდველს ხდის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატს.

ამასთან, ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო და ბელარუსი მომავალში არაერთი პროექტის განხორციელებას შეძლებენ, მათ შორის გააძლიერებენ პარტნიორულ კავშირებს მხარეებს შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს შორის, რაც კარგი შესაძლებლობაა ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით.

კომისიის სხდომაში ქართული დელეგაციიდან ასევე მონაწილეობდნენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი, „საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ალექსანდრე მოწერელია, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია. ასევე საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი