მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი ორდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
დღეს, მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარემ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელი დიდი ხურვალეთი მოინახულა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
„მალაიზიის მთავრობის დამოკიდებულება ძალიან ნათელია, ჩვენ არ ვაღიარებთ ორი რეგიონის ოკუპაციას, მსგავსი შეხედულება აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმრავლესობასაც. ჩვენ აქ ვართ, რათა რეალურ დროში დავაკვირდეთ არსებულ სიტუაციას. ჩვენი, როგორც ნეიტრალური სახელმწიფოს სურვილია, რომ დაპირისპირება მოგვარდეს მოლაპარაკების გზით. ვიზიტის შემდეგ ჩვენს შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ პარლამენტის წევრებს“,-განაცხადა ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფიმ.
ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. აუდიენცია გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.