მამუკა მდინარაძე: დღეს სხვის მაგივრად მე მრცხვენოდა, ეს სხვები იყვნენ ქალბატონები, რომლებმაც ეს პერფორმანსი დადგეს
დღეს სხვის მაგივრად მე მრცხვენოდა. ეს სხვები იყვნენ ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი დადგეს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტს.
მისი თქმით, ამ კადრებს შეიძლება ჩვეულებრივად “უკომენტაროდ” დაეწეროს.
“ხომ გქონიათ ყველას მომენტი, როცა გრცხვენია სხვისი მოქმედების და მე მაგალითად ეს მომენტი მქონდა. სახის დაკარგვის რაღაც კონკრეტული მაგალითები ბევრი ვნახეთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო. გულწრფელად გეუბნებით, დღეს სხვის მაგივრად მე მრცხვენოდა. ეს სხვები იყვნენ ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი დადგეს. მე მგონია, ამის იქით კომენტარიც არ უნდა გავაკეთოთ. ამ კადრებს შეიძლება ჩვეულებრივად უკომენტაროდ დაეწეროს“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.