“გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს ეძახდა ჯალალედინი ხარო, დღეს გაიძახის სააკაშვილთან ერთად ქვეყანა უნდა ავაშენოო”

“ნაცმოძრაობაში” მოკალათებულ ოდიოზურ ფიგურებს უფრო დიდ პატივს ვცემ, ვიდრე იმ ხალხს, რომლებიც იტალიური კალიებივით აქეთ-იქით დახტიან და პრინციპი არ გააჩნიათ, – ამის შესახებ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, ედიშერ გვენეტაძემ გაზეთ “ასავალ-დასავალში” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში პროფესიონალი გადამტრიალებლების სექტა ჩამოყალიბდა, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაქცევად ყოველთვის მზადყოფნაშია.

“საქართველოში პროფესიონალი გადამტრიალებლების სექტა ჩამოყალიბდა, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაქცევად და სისხლში ჩასახრჩობად ყოველთვის მზადყოფნაშია. როგორც ისტორიკოსს ძალიან მიჭირს ამ ფენომენის ახსნა და მიძნელდება, დავასახელო მეორე ქვეყანა, სადაც გარკვეული კატეგორიის ხალხი ასეთი თავგამოდებით ებრძოდეს თავის სამშობლოს. ჯაბა იოსელიანმა თავის “სამ განზომილებაში” იშვიათი სიზუსტით აღწერა და ჩამოაწიკწიკა ყველა იმ ნაძირალას სახელი და გვარი, ვინც ქართული ეროვნული სახელმწიფოს დაქცევაში მონაწილეობა მიიღო. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება იმ ხალხს, ვინც ზვიად გამსახურდიას “მრგვალი მაგიდა” “გახეთქა”… ესენი იყვნენ ეროვნულ ხელისუფლებაში შეგზავნილი ადამიანები, რომლებმაც კომუნისტურ ნომენკლატურას რევანშის საშუალება მისცეს. გაიხსენეთ მოსკოვის მაშინდელი მერის გავრილ პოპოვის ცნობილი განცხადება- ჩვენ საქართველოში გადატრიალების მოწყობა 65 მილიონი მანეთი დაგვიჯდაო. ახლაც ზუსტად ანალოგიურ პროცესებთან გვაქვს საქმე, რომელსაც საქართველოდან გაქცეული მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში. სააკაშვილი ამ ბრძოლაში მარტო არ არის, მის გვერდით არიან ისინიც, რომელთაგან ზოგი ციხეში ახლახან გაამწესეს, ზოგი დიდი ხანია იქ ზის, ხოლო ზოგს- ხვალ ან ზეგ გაამწესებენ. გუბაზ სანიკიძე სააკაშვილს ეძახდა ჯალალედინი ხარო. დღეს გამოდის და გაიძახის სააკაშვილთან ერთად ქვეყანა უნდა ავაშენოო. ჯალალედინთან ერთად საქართველოს აშენება სად გაგონილა? შალვა ნათელაშვილმა თქვა: დღეს ასე ვიტყვი, ხვალ ისე ვიტყვი, ზეგ ისე ვიტყვიო. აქედან გამომდინარე ნაცმოძრაობაში მოკალათებულ ოდიოზურ ფიგურებს უფრო დიდ პატივს ვცემ, ვიდრე იმ ხალხს, რომლებიც იტალიური კალიებივით აქეთ-იქით დახტიან და პრინციპი არ გააჩნიათ. მახსენდება ტარიელ ჭანტურიას ლექსი: “კაცს უნდა ჰქონდეს კაცობა, კაცი უნდა იყოს კაცური; თუ კაცს არა აქვს კაცობა, ასეთ კაცს ჰქვია საცობი”. დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი სწორედ “საცობებით” გახლავთ სავსე”, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები